English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარინა ჩავლეიშვილი
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი - არსებული მდგომრეობა და ახალი გამოწვევები

      ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით აქტუალურია ის არსებული პანდემიის პირობებში. ნაშრომში გაანალიზებულია ქართული ფარმაცევტულ ბაზარი, მისი განვითარება, მახასიათებლები, შეფასებულია ბაზრის უმსხვილესი ეკონომიკურ აგენტები, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების მექანიზმები და განვითარების პერსპექტივები.

      ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მისი განვითარების ტენდენციები, ასევე გაანალიზებულია ბაზარზე არსებული ბარიერები და შეზღუდვები, რაც არ იძლევა ბაზრის უფრო სწრაფი განვითარების საშუალებას. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა სამი მსხვილი მიმწოდებელი, რომელთაც პრაქტიკულად განაწილებული აქვთ ბაზარი და ფასწარმოქმნის და საფასო დისკრიმინაციის ერთიან პოლიტიკას ატარებენ. ანალიზმა ცხადყო, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე შეინიშნება ოლიგოპოლიის დამახასიათებელი ნიშნები. არსებული მდგომარეობის ანალიზი და ფარმაცევტული პროდუქტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაში, კერძოდ, შეიმუშაოს კონკურენციის სწორი პოლიტიკა, ასევე, მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე განისაზღვროს გარკვეული მოგების მარჟა, გაკონტროლდეს მედიკამენტების ხარისხი, დაინერგოს ეფექტიანი საწარმოო და დისტრიბუციის პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის არსებობას. 

     

საკვანძო სიტყვები: ფარმაცევტული ბაზარი, ფარმაცევტული კომპანიები, ფასნამატი მედიკამენტებზე, კონკურენცია, ოლიგოპოლია, მოგების მარჟა, მედიკამენტების იმპორტი და ექსპორტი.




შესავალი

 

      თანამედროვე მსოფლიოსა და ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფარმაცევტული ბაზარი, მით უფრო, ამჟამად არსებული გამოწვევების პირობებში. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა, რომელსაც ფარმაცევტული ბაზრის განვითარების გარკვეული ისტორია და გამოცდილება გააჩნია. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გარკვეული შეფასებების წარმოდგენა. 

      საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის კვლევა 2012 და 2016 წლებში ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2021 წელს საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნები. მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა, ჯერ კიდევ, სიღრმისეულად არ არის შესწავლილი საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, საჭიროა დროულად გამოვლინდეს ბაზარზე ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები.

      ნაშრომში გაანალიზებულია ქართული ფარმაცევტულ ბაზარი, მისი განვითარება, მახასიათებლები, ბაზრის უმსხვილესი ეკონომიკურ აგენტები, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების მექანიზმები და განვითარების პერსპექტივები. აქცენტები გაკეთებულია იმპორტზე, საცალო გაყიდვებსა და წარმოების შესაძლებლობებზე. 

      ფარმაცევტული ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნა. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია კონკურენციის სწორი პოლიტიკის შემუშავებას, რითაც შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა. ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არსებობა ზრდის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს და ამცირებს ფასს. მიმდინარე ეტაპზე უცხოეთიდან ხდება ბევრი მედიკამენტისა და სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი, ასევე, მედიკამენტების კალათზე ფასნამატი დიდად დაბალია უცხოეთის ქვეყნებში. ამდენად, ბაზარზე განხორციელებული ნებისმიერი დადებითი ცვლილება იძლევა არა მარტო ფინანსურ ეფექტს, არამედ, ის პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან. გამომდინარე აქედან,  კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკა განაპირობებს პროდუქტიულობის ამაღლებას და შესაბამისად საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასაც. 

      შესაბამისად,  წინამდებარე ნაშრომის მიზანია  წარმოვადგინოთ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზრის ანალიზი, განვიხილოთ მისი სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები, განვითარების თავისებურებები და ჩატარებული კვლევის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები. კვლევის ობიექტია საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ამ ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიების ანალიზი და მათი ქმედებების შეფასება.

      ჩატარებული კვლევა და ბაზრის შეფასება ეფუძნება: საქართველოს ფარმაცევტული სექტორის შესახებ არსებული ანგარიშების ანალიზს; საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, სტატისტიკურ მონაცემებს და სხვა დამატებით წყაროებს. ნაშრომში გამოყენებულია საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა სახის პუბლიკაციები და ინტერნეტ სივრცეში არსებული ელექტრონული მასალები, ასევე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევები. 

      ნაშრომში ფარმაცევტული ბაზრის სრულყოფის მიმართულებების შესამუშავებლად კომპლექსურად შევისწავლეთ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარიც. ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მისი განვითარების ტენდენციები, ბარიერები და შეზღუდვები, განვითარების პერსპექტივები. 

 

ფარმაცევტული ბაზრის განვითარება საქართველოში და ბაზრის 

მსხვილი მოთამაშეები

 

      საქართველოში ფარმაციის განვითარებას უძველესი ისტორია აქვს. იგი სათავეს ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან იღებს. მოგვიანებით, პირველი აფთიაქის გახსნა კათოლიკე მისიონერებს უკავშირდება. 1740 წელს თბილისში წამლების სახლი - ე.წ. „წამალთხანა“ ფუნქციონირებდა (მელიქიშვილი მ. 2015). პირველი სახაზინო აფთიაქი 1806 წელს, ხოლო 1829 წელს, ე.წ. „ზემელის“ აფთიაქი გაიხსნა (ნებიერიძე მ., სხილაძე რ. 2018, 15). XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან, ქვეყნის მასშტაბით, თანდათან იზრდებოდა და ვითარდებოდა ფარმაცევტული სფერო. XXI საუკუნეში კი რეალობა რადიკალურად შეცვლილია. დიდი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველო მთლიანად წამლის ექსპორტზე იყო დამოკიდებული, მიმდინარე ათასწლეულის დასაწყისიდან, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდნენ ქართველი მწარმოებლები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც ლოკალური, ასევე უცხოურ ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციის პოტენციალი. 

      თანამედროვე ეტაპზე, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე საქმიანობას რამდენიმე კომპანია ახორციელებს. მათ შორის, წამყვანი კომპანიებია: „ავერსი ფარმა“, „პსპ ფარმა“, სს „გეფა“ (2017 წელს ჩამოყალიბდა სს „ჯი პი სი“, სს „ეი ბი სი ფარმაციას“ გაერთიანების შედეგად). ქვემოთ გაანალიზებულია ამჟამად ბაზარზე არსებული მსხვილი კომპანიების მოკლე ანალიზი.

      ფარმაცევტული კომპანია „ავერსი ფარმა“ (დაარსდა 1999 წელს). 2002 წელს კომპანია ქმნის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ფარმაცევტულ საწარმო - „ავერსი-რაციონალი“. კომპანიამ უკვედანერგა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტები GDP (სათანადო სადისტრიბუციო პრაქტიკა)  და GMP (სათანადო წარმოების პრაქტიკა). დღეისათვის ის 140-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს აწარმოებს. პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს ყოფილ საბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. კომპანიამ გააფართოა ბიზნესი, კერძოდ, დააარსა „ავერსის კლინიკა“ - სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებათა ქსელი, ასევე, შექმნა  სადაზღვევო კომპანია „ალფა“. 2019-2020  წლებში კომპანიის შემოსავალმა შესაბამისად 456.542 და 508.166 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 19.336 და 26.206 მლნ ლარს მიაღწია (ფინანსური ანგარიშგება, შპს „ავერსი-ფარმა“, 2019-2020).

      ქართულ  ფარმაცევტულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს ფარმაცევტული კომპანია „პსპ ფარმა“ (დაარსდა 1994 წელს). კომპანიას უკავშირდება საქართველოში სააფთიაქო დაწესებულებათა ინტერიერ-ექსტერიერის გავრცელებული სტანდარტის დანერგვა. კომპანია ახორციელებს 16 000-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის, სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.  „პსპ“-ს მომწოდებელი მსოფლიოს 400-ზე მეტი კომპანიაა, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით - GMP და GDP,  აწარმოებენ და ყიდიან ფარმაცევტულ პროდუქტებს. ამდენად, კომპანია მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის ფარმაცევტულ პროდუქტებს. „პსპ“-ს ფარმაცევტული საწარმო ჯიემპი“  აწარმოებს 200-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტულ პროდუქტს, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოეთის ბაზრისთვის. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს ცხრა  და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. კომპანიამ მოახდინა საქმიანობის დივერსიფიკაცია და დააარსა სადაზღვევო კომპანია „პსპ დაზღვევა“, ასევე, შექმნა ევროპული სტანდარტის მრავალპროფილური კლინიკა. 2019-2020 წლებში კომპანიის შემოსავალმა შესაბამისად 540.600 და 634.296 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგებამ  24.954 და 16.613 მლნ ლარს მიღწია (ფინანსური ანგარიშგება, „პსპ ფარმა“, 2019-2020)

      კომპანია „ჯი პი  სი“ (დაარსდა 1995 წელს) ბაზარზე ინოვაციური იდეებით შემოვიდა. კერძოდ, მის აფთიაქებში წლების მანძილზე ფუნქციონირებდა ე.წ. ექსპრეს კლინიკები მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის. კომპანიამ პირველად საქართველოში დაამკვიდრა ნებაყოფლობით იმუნიზაციის  პრაქტიკა და ქვეყნის მასშტაბით 80-მდე ვაქცინაციის კაბინეტი გახსნა. კომპანიამ - „ჯი პი სი“ ბაზარზე თავისი ნიშის დამკვიდრების მიზნით, განახორციელა წარმატებული პროექტი „წითელი ა“. რითაც ის ცდილობდა კონკურენცია გაეწია ბაზარზე ამ პერიოდისთვის ორი მთავარი მოთამაშე კომპანიისთვის - „პსპ“ და „ავერსი“. „წითელი ა“-ს პროექტი ითვალისწინებდა ფრანჩაიზის მსგავს სისტემას, როდესაც ერთი ემბლემის ქვეშ მოექცეოდა სხვადასხვა დამოუკიდებელი აფთიაქი. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან საყრდენს ქმნიდა ბრენდის შემდგომი განვითარებისა და პარტნიორთა ქსელის გაზრდისათვის. 

      შპს „ეი ბი სი ფარმაცია“ - ფარმადეპო  (დაარსდა 1999 წელს) შეიქმნა როგორც საქართველოში საერთაშორისო კომპანიის - „ბრისტოლ მაიერსის“  წარმომადგენლობა მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებისთვის. „ეი ბი სი ფარმაციამ“ განახორციელა საქართველოში ონკოლოგიური პრეპარატების დისტრიბუცია. კომპანიამ რეგიონებში ეტაპობრივად გახსნა მარკეტინგის და დისტრიბუციის ფილიალები, ასევე, მან დააფუძნა შპს „ლინქსერი“, რომელიც საქართველოში ტრანსკავკასიური ფარმაცევტული პროდუქტების ლოჯისტიკის მომსახურებას აწარმოებდა. 2009 წელს შპს „ეი ბი სი ფარმაციამ“ დააარსა აფთიაქები „ფარმადეპოს“ სახელით. „ფარმადეპო“ არის საქართველოში ფასდაკლების დღეების შემოღების ინოვატორი, რომელიც მოგვიანებით  სხვა კომპანიებმაც გაიზიარა.

      ორგანიზაცია სს „გეფა“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც ორი დამოუკიდებელი ფარმაცევტული კომპანიის - სს „ჯი პი სი“-ს და სს „ეი ბი სი ფარმაციას“ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, კომპანია  „ჯი პი სი“-ს სახელით დაფუძნდა, ხოლო 2017 წელს „ჯი პი სი“-მ შეიცვალა სახელი  და გახდა სს „გეფა“. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მედიკამენტების, სხვა ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვადასხვა არასამედიცინო პროდუქტის საცალო და საბითუმო გაყიდვები. კონცენტრაციის მიზანი იყო კომპანიათა საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, არსებულის შენარჩუნება და პროდუქტზე ფასების მაქსიმალურად შემცირება („ჯი პი სი“ და „ეი ბი სი ფარმაცია”-ს საქმე, 2016). 2019-2020 წლებში კომპანია „გეფას“ შემოსავალმა შესაბამისად 61.675 და 679.436  მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგებამ  51.384 და 43.448 მლნ ლარი (ფინანსური ანგარიშგება, „სს გეფა“, 2019-2020).

     უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფარმაცევტული კომპანიების აქტივები, რაც ასევე, ასახულია მათ ფინანსურ შედეგებშიც, შემოსავლების გაზრდის სახით. 

      2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 3 213 აფთიაქი ირიცხება, რომელთა ოპერირებას 1712 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას (სულ 1238 აფთიაქი), ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად ფლობს 927 აფთიაქს (ჯეოსტატი). სააფთიაქო ქსელის მქონე კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა „გეფა“, რეგიონებში - „ავერსი“. 

ამდენად, ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული კომპანიები „ავერსი“,  შპს „პსპ“ და სს „გეფა“ ფარმაცევტულ ბაზარზე პრიორიტეტულ ადგილს იკავებენ და ბაზრის მსხვილი მოთამაშეებია.

 

კონკურენტული გარემოს შეფასება ფარმაცევტულ ბაზარზე 

 

      საქართველოში პირველად ფარმაცევტული ბაზრის კვლევა 2012 წელს, ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიერ განხორციელდა. ჩატარებული კვლევებით ბაზარი დახასიათებულია, როგორც ოლიგოპოლია ან ორი კომპანიის ვერტიკალური მონოპოლია, ასევე, ბაზარი ხასიათდებოდა მზარდი დანახარჯებით, მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატით (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, 2012). 2016 წელს  საერთაშორისო ფონდი კურაციოს (CIF) მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებით, საქართველოში წამლის საშუალო ფასები ევროპაში პროდუქტის გასაყიდ ფასს  მნიშვნელოვნად აღემატებოდა და წამალზე საშუალო ფასნამატის მარჟამ 100%-ს გადააჭარბა (მედიკამენტების მარჟა, 2018). 2021 წელს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტებისთვის. მონიტორინგის შედეგებით დასტურდება, რომ ბაზარი არის ოლიგოპოლიური, კონცენტრაციით მაღალი დონით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური გაფართოებით, კომპანიების დომინანტური და ჯგუფური დომინანტური მდგომარეობით.

      საქართველოში, ფარმაცევტული ბაზარი გამოირჩევა საბაზრო ძალაუფლების მკაფიო კონცენტრაციით. ბაზარზე დომინირებს სამი მსხვილი კომპანია: „ავერსი“, „პსპ“ და „გეფა“, რომლებიც აწარმოებენ მედიკამენტებს, ახორციელებდნენ ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-დისტრიბუციას, საცალო გაყიდვებს. 

      თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე განსაკუთრებული აქტუალურია სრულყოფილად შეფასდეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ფარმაცევტული დანახარჯების წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ყველაზე მაღალია (41.2%) (ევროპის ჯანმრთელობის საინფორმაციო პორტალი, 2019).






მედიკამენტებზე ფასთა ცვლილება 2014-2020 (%)

დიაგრამა 1

              წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ჯეოსტატის მონაცემების მიხედვით

 

      საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, 2013 წლიდან მედიკამენტების ფასები ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. დიაგრამიდან (1) ჩანს, რომ ფასთა ზრდის თითქმის შეუქცევადი პროცესის საპირისპიროდ, 2016 წელს კლებადი ტენდენცია ფიქსირდება. აღნიშნულ ფაქტს, განაპირობებდა ლარის კურსის სიმყარე, რამაც გამოიწვია იმპორტული პროდუქტის თვითღირებულების შემცირება ეროვნულ ვალუტაში. ამავე პერიოდში, ბაზარზე შემოვიდა კომპანია „Humanity Georgia“, რომელმაც შემოიტანა იაფად გენერიკი მედიკამენტები, რასაც მოჰყვა გრძელვადიანი ეფექტი, კერძოდ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და წამლებზე ფასების შემცირება. დღეისათვის, კომპანია „Humanity Georgia“ გაკოტრდა და ბაზარზე აღარ ფუნქციონირებს. 

      საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მონაცემებით, ფასების  დინამიკა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე განსხვავებულია. 2020-2021 წლებში მედიკამენტებზე  ფასი საშუალოდ 14%-ით, ხოლო ზოგიერთ მედიკამენტზე კი             28-30%-ით (ანტიბიოტიკები) გაიზარდა.

      ფარმაცევტული ბაზარზე დაახლოებით 90%-ზე მეტი იმპორტირებული მედიკამენტია. მედიკამენტებზე ფასების ზრდა მეტწილად ეროვნული ვალუტის გაუფასურებით არის განპირობებული. მათი საერთო ღირებულება ლარში მზარდია, დოლარში კი, ნაკლებად მზარდი. ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების გასაყიდ  ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, 2020 წელს მედიკამენტების იმპორტის მოცულობა ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში-7%-ით. 

      მედიკამენტების სიძვირე განაპირობებს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალ დანახარჯებს. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2021  წლის მდგომარეობით, საქართველოში მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების 96% ჯიბიდან გადახდებს წარმოადგენს და სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ მხრივ მხოლოდ 4%-ია (გოგბერაშვილი ე., 2021).“ ბაზარზე, აღნიშნული პრობლემის დარეგულირებაში მნიშვნელოვანია სადაზღვეო კომპანიების როლი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვის მომსახურების საერთო საფასურის 75%-ს  ჯიბიდან გადახდები შეადგენს (გოგინაშვილი ქ. 2021), მათ შორის,მედიკამენტების წილი 69%-ია. ქვეყანაში მოქმედებს ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობის საშუალოდ 91%. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულ ანაზღაურებას არ ექვემდებარება სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული რიგი დანახარჯი, მათ შორის, მედიკამენტები ამბულატორიულ დონეზე. სწორედ აღნიშნული მიზეზები წარმოადგენს ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის საფუძველს. 

      2021 წელს ფონდი კურაციოს მიერ განხორციელებული ანალიზით, მედიკამენტებზე ფასების გაზრდის მიზეზად, გარდა ვალუტის გაუფასურებისა, გამოიკვეთა სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების დაბალი დონე, მედიკამენტების უკონტროლო მოხმარება, ექიმების დაბალი ანაზღაურება, რაც ხშირ შემთხვევაში კომპენსირდება საკომისიო გადასახადით, რომელსაც მათ ფარმაცევტული კომპანიები უხდიან კომპანიისთვის სასურველი წამლის გამოწერის სასარგებლოდ.

      ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასების უმთავრესი მიზეზი ასევე, ფასთა რეგულირების არარსებობაა. შედეგად, საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის სარეალიზაციო ობიექტი აწესებს მოგების მაქსიმალურ მარჟას და შესაბამისად, ფასნამატს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის მოსაზრებით წამლის მწარმოებელი კომპანიების მოგების მარჟა 40%-ს არ აღემატება (მეცხვარიშვილი ს., 2021). თუმცა, რეალურად ბაზარზე აღნიშნული მაჩვენებელი, კონკრეტული მედიკამენტიდან გამომდინარე, გაცილებით მაღალია. ახლახან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ბაზარზე განხორციელდა თურქეთიდან წამლების ექსპორტი, რაც, გარკვეულწილად, მოახდენს ბაზარზე მედიკამენტებზე მოთხოვნისა და ხელმისაწვდომობის დარეგულირებას. 

      კონკურენციის სააგენტოს მიერ 2020 წელს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგადგამოიკვეთა, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა მომხმარებლის დანაზოგს ამცირებს. ანალიზის საფუძველზე შეფასდა მომხმარებლის შესაძლო სარგებელი, კერძოდ, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირებისა და გადაწყვეტილებების, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში, 2016-2020 წლებში, მომხმარებელს ბაზრის სრული მოცულობის გათვალისწინებით, შესაძლოა დაეზოგა 250 მლნ ლარამდე თანხა (ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, 2021, 36). 

 

სამკურნალო საშუალებების იმპორტის დონე

(2015-2020წწ. მლნ აშშ დოლარი)

          დიაგრამა 2

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ  საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2021წ. მონაცემების საფუძველზე

 

      ბოლო ათწლეულის მანძილზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება მედიკამენტთა როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის მოცულობის მხრივ. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფში სამკურნალო საშუალებების იმპორტს 4% უკავია, ხოლო მედიკამენტების იმპორტის საერთო ღირებულებამ 382.0 მლნ აშშ დოლარი (იმპორტის ზრდა 17%) შეადგინა. ზოგადად იმპორტის დინამიკა ზრდადია (იხ. დიაგრამა 2). ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: გერმანია - 13%, თურქეთი - 12%, საფრანგეთი -9%, უნგრეთი - 10% (საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2021). 2020 წელთან მიმართებით 2021 წელს მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია (23%), საფრანგეთი (28%), უნგრეთი (16%). 2020 წელს, 2016 წელთან შედარებით, მედიკამენტების იმპორტი ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 41%-ით არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად, განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში. ბაზარზე მსხვილი იმპორტიორები ისევ წამყვანი კომპანიებია: შპს „პსპ ფარმა“ სს „გეფა“ და „ავერსი ფარმა“.

      მედიკამენტების ექსპორტის მოცულობაც ცვალებადი ტრენდით ხასიათდება, კერძოდ, 2019 წელს, 2016 წელთან შედარებით, ფიქსირდება 49%-იანი ზრდა, თუმცა, პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული მედიკამენტების საერთო მოცულობა შემცირებულია, რაც სავარაუდოდ კავშირშია ექსპორტიორ ქვეყნებში GMP სტანდარტის შემოღებასთან (იხ. დიაგრამა 3). 

 

სამკურნალო საშუალებების ექსპორტის დონე

(2015-2020წწ. მლნ აშშ დოლარი)

     დიაგრამა 3

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ  საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2021წ. მონაცემების საფუძველზე.

 

      2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფში სამკურნალო საშუალებების ექსპორტს 2% უკავია (საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2021). 2018 წელს ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტმა  149 მლნ აშშ დოლარი შეადგენდა, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 177 მლნ დოლარამდეა გაზრდილი, მაგრამ რეალურად, 2019 წელს მითითებული თანხის თითქმის 92%  რეექსპორტს შეადგენდა და წმინდა ექსპორტზე, მხოლოდ, 15 მლნ დოლარამდე მოდიოდა (საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში, 2020). 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ექსპორტი 99.1 მლნ აშშ დოლარია (ზრდა 0.1%). ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უზბეკეთი 47%, აზერბაიჯანი 18%, სომხეთი 9%, რუსეთი 6%. 2020 წელთან მიმართებით 2021 წელს მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა შემდეგი ქვეყნებში: უზბეკეთი (14%), აზერბაიჯანი (3%), კლება დაფიქსირდა რუსეთსა (44%) და სომხეთში (10%). ბაზარზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიებია- შპს „პსპ ფარმა,  სს „გეფა და შპს „ავერსი-ფარმა“.

      ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებული სამი წამყვანი კომპანიის - „პსპ ფარმა“, „გეფა“ (ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“- საერთო წილი სტაბილურად მაღალია და ბოლო 5 წლის განმავლობაში ის მერყეობს 56%-დან                70%-მდე. გამომდინარე აქედან, ბაზარი მაღალი კონცენტრაციისაა. 2018-2020 წლებში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი სტაბილურად ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ფარგლებშია, კერძოდ  ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის მაჩვენებელ- -ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) - 2018 წ. -1799-ს, 2019წ.-1748-ს და 2020 წ. – 1663-ს მიაღწია.(ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, 2021). კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიების დომინანტური და ჯგუფური დომინანტური მდგომარეობა. 

      ბაზარზე წამყვანმა კომპანიებმა მოახდინეს დივერსიფიკაცია და გააფართოვეს ბიზნესი როგორც ჰორიზონტალური (აფთიაქების ფართო ქსელების შექმნით), ასევე ვერტიკალური (პროდუქტისიმპორტის, წარმოებისადასაბითუმომიწოდების, კლინიკებისადასადაზღვევოკომპანიების შექმნით) ინტეგრაციის გზით.  აღნიშნულმა დივერსიფიკაციამ გააძლიერა ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიების საბაზრო ძალაუფლება. ანტიტრესტული კანონმდებლობა ევროპის ბევრ ქვეყანაში კრძალავს მსგავს ინტეგრაციას, თუმცა, ზოგიერთი ქვეყანაში გამოირჩევა არამკაცრი მიდგომითაც, მაგალითად, აშშ და სხვა.

      ფარმაცევტულ ბაზარზე იკვეთება კომპანიები, რომლებიცმეტწილად (საერთორეალიზაციის 50% დამეტი) ახდენენ იმმედიკამენტებისრეალიზაციას, რაცწარმოადგენსამავეკომპანიის  ანჰოლდინგურჯგუფშიშემავალიკომპანიისმიერიმპორტირებულ ან წარმოებულმედიკამენტებს. ამდენად, ბაზარზე არსებული ჰოლდინგურიმოწყობა,სამედიცინოდაწესებულებების, ფარმაცევტულკომპანიებისდარეცეპტისგამოწერაზეპასუხისმგებელპირებსშორის ინტეგრაციისმაღალიხარისხი უარყოფითად აისახება ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, მის სტრუქტურასა და მომხმარებელზე. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული ინტეგრაცია, ბაზრის ეფექტიანი რეგულირების პირობებში, შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს წარმოების დანახარჯები.

      საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წამყვანი მსხვილი კომპანიები (შპს „პსპ ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“ და სს „გეფა“) დომინანტურ პოზიციებს ინარჩუნებენ და ცდილობენ ბაზარზე ახალი კომპანიის შესვლას  სხვადასხვა მეთოდით უპასუხონ. იკვეთება ფარული გარიგების ნიშნები, კერძოდ, ისინი ერთსა და იმავე დღეს სთავაზობენ მომხმარებლებს ფასდაკლების დღეებს, ერთმანეთთან ტერიტორიულად ახლოს, განთავსებულია მათ სააფთიაქო ქსელები, მომხმარებელს პროდუქტს ერთნაირ ფასად სთავაზობენ და სხვა. აღნიშნულ ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალია. ამდენად, ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიური ნიშნის მატარებელია. 




ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების მექანიზმები

 

      ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. სწორედ, ბაზრის რეგულირება უნდა გახდეს ბაზარზე კონკურენციის ხარისხის გაზრდის ინდიკატორი. საქართველოში მოქმედებს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ (საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, 1997), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხისა და სანდოობის ზრდას, ასევე, მის ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, რომელიც აწესრიგებს სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონი გასაზღვრავს ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებს და როგორც კანონის მეოთხე მუხლშია განმარტებული, ლიცენზირებას სამედიცინო საქმიანობის სახეებად საერთო ჯამში 312 მიმართულება მოიაზრება (საქართველოს კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2003). კანონი ხელს უწყობს ქვეყანაში ფარმაცევტული საქმიანობის დაწყებას, მის გამარტივებას და იმპორტის წახალისებას. 

      მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია „ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“ (ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი, 2020), რომელიც განსაზღვრავს პროცედურებს, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზატორთა მონიტორინგი. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებს აკონტროლებს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ფარმაცევტული პროდუქტის რისკების შეფასებისას აღნიშნული სააგენტო იყენებს ლაბორატორიული კონტროლისა და სადისტრიბუციო ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმებს. შერჩევითი კონტროლის პროცედურათა სიხშირე დამოკიდებულია რისკების შეფასებებზე.

      ბაზრის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი ბიზნესგარემო. აქტუალურია  ბაზარზე კონკურენტული თამაშის წესების დამკვიდრება, სამართლებრივი ბერკეტების შემუშავება, რაც ეკონომიკურ აგენტებს ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში შეუშლის ხელს. სახელმწიფო პოლიტიკამ ფარმაცევტული საქმიანობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ეფექტიანი, უსაფრთხო, ხარისხიანი მედიკამენტების და სხვა ფარმაცევტული პროდუქტის არსებობა.  ამ მიზნის, მნიშვნელოვანია კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) დანერგვა. თავის მხრივ, აღნიშნული სტანდარტების დანერგვა რიგ პროცედურულ საკითხს მოიცავს (კარგი საწარმოო პრაქტიკის გაიდლაინი, 2015). სტრატეგია ითვალისწინებს მისი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებასა და განსაზღვრას. საერთაშორისო GMP-სა და GDP-ს  სტანდარტის დანერგვა საქართველოში ჯერ კიდევ, 5 წლის წინ დაიგეგმა, მაგრამ მისი აღსრულება ვერ მოესწრო. ქვეყანაში GMP სტანდარტი ამოქმედდა 2022 წლის პირველი იანვრიდან, კომპანიებისთვის საშეღავათო პერიოდის 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ევროკომისიის 2003 წლის 8 ოქტომბრის 2003/94/EC დირექტივის მიხედვით, ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ყველა სამკურნალო პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ან იმპორტირებულია ევროკავშირში, მათ შორის, საექსპორტოდ გამიზნული სამკურნალო საშუალებები, უნდა დამზადდეს კარგი წარმოების პრაქტიკის პრინციპებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად (Good Manufacturing and Distribution Practices). ამჟამად, საქართველოში  კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტს ფლობს  კომპანიები: - „ჯი ემ პი“  და  „ ავერსი რაციონალი“. 

      საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპისთვის, GMP-სა და GDP-ს  სტანდარტი მიმართულია მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების მიმართ და იმპორტიორ ეკონომიკურ აგენტებს მსგავსი მოთხოვნა წარდგენილი არ აქვთ. გამოდის, რომ კანონი ადგილობრივ კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რამაც აღნიშნული ეკონომიკური აგენტების ერთნაირი თამაშის პირობები უნდა უზრუნველყოს და საერთაშორისო/იმპორტულმა მედიკამენტებმაც ისევე უნდა დააკმაყოფილონ ადგილობრივი სტანდარტი, როგორც ადგილობრივ წარმოებას მოეთხოვება. 

      აღნიშნული სტანდარტების დანერგვამ უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის სანდოობისა და ხარისხის გაუმჯობესება და ამასთან, საქართველოში არსებული/წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდა. მსგავსმა საექსპორტო პოტენციალმა და ბაზრის გაფართოებამ კი უნდა გაზარდოს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება.

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 

      ფარმაცევტული ბაზარი თავისი სოციალური დანიშნულებით განსაკუთრებით აქტუალურია, ჩატარებულმა კვლევამ შესაძლებლობა მოგვცა წარმოგვედგინა კონკრეტული დასკვნები და რეკომენდაციები:

  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, კერძოდ, ბაზარზე ფიქსირდება დომინანტური და ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი და ჰოლდინგური მოწყობა, რაც ზრდის კომპანიების საბაზრო ძალაუფლებას. არსებული მდგომარეობა საჭიროებს გარკვეულ კონტროლს და რეგულირებას; 

  • ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების მიწოდების ჯაჭვი მოიცავს  პროდუქტის იმპორტს, წარმოებას, საბითუმო მიწოდებასა და საცალო რეალიზაციას. ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის რეგულაცია არ არის მკაცრი,  ბაზარი გამოირჩევა ასიმეტრიული ინფორმაციით, კერძოდ, ცნობადობა მომხმარებლის მხრიდან დაბალია გენერიკული მედიკამენტების შესახებ. აღნიშნული მოითხოვს მეტი საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას;

  • რეალურად, ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქტის რამდენიმე მიმწოდებელია, რომლებსაც ბაზარი პრაქტიკულად გაყოფილი აქვთ და ფასწარმოქმნის მეტ-ნაკლებად ერთიან პოლიტიკას ატარებენ, ე.ი. შეიძლება ითქვას, ადგილი აქვს ოლიგოპოლიას. ფასწარმოქმნა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებსა და მიწოდების სხვადასხვა დონეზე განსხვავებულია. რიგ შემთხვევაში, გენერიკულ მედიკამენტებზე, ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლის იმპორტიც ქვეყანაში ხდება გენერიკული დასახელებით ფიქსირდება ფასნამატი 200%-ის ფარგლებში. გამომდინარე აქედან, გადასახედია მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის პოლიტიკა, მისაღებია გამოყენებულ იქნეს ფასის (ფასწარმოქმნის) რეგულირების კომბინირებული წესები;

  • სარეცეპტო პოლიტიკა უნდა უზრუნველყოდეს მომხმარებლის ინტერესის დაცვას და კონკურენტულ გარემოს და არა ისე, როგორც ხშირად ხდება - რეცეპტში მითითებული  მედიკამენტის სავაჭრო დასახელება გამორიცხვს ჩამანაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენციას. ფარმაცევტულ კომპანიებსა და რეცეპტის გამომწერ პირთა შორის ურთიერთობა უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე; ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ფარმაცევტული საქმიანობის მონიტორინგი, რომელიც მოიცავს მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებებს, ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას;

  • ბაზარზე არ არის დარეგულირებული მოგების მარჟა და წამლებზე ფასების ზრდა შეუქცევად პროცესად იქცა. პრობლემა უფრო გლობალურია და ფასის განუხრელი ზრდა ვალუტის კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, იმპორტიორებს უძვირდებათ თვითღირებულებაც, თუმცა,  რეგულაციის  პირობებში, შესაბამის უფლებამოსილ უწყებას უნდა შეეძლოს ხელშეკრულებათა შესწავლა და გარკვეული დასკვნების გამოტანა. აუცილებელია მედიკამენტებზე დაწესდეს გარკვეული მოგების მარჟა;

  • ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. გამომდინარე აქედან, სასურველია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულ ანაზღაურებას დაექვემდებაროს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული რიგი დანახარჯი, მათ შორის, მედიკამენტები ამბულატორიულ დონეზე. ასევე, შესაძლებელი გახდეს, კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, პირმა ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც, რაც  შესაძლებელს გახდის შემცირდეს მომხმარებლის მხრიდან ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებელი;

  • მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხის ამაღლება, კერძოდ, ყველა მედიკამენტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს GMP სტანდარტს და გენერიკული მედიკამენტები უნდა იყოს ბიოეკვივალენტური. სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ბაზარზე მედიკამენტების როგორც წარმოებაზე, ასევე იმპორტზე. ბაზარზე დაშვებული ყველა მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.

 

ლიტერატურა:

  • ლომიძე მ. (2015).  „წამლის პირველი სასახლეები საქართველოში“ https://www.facebook.com/groups/277297115980241/posts/459619887747962/?_rdr /ბოლო ნახვა 28 მაისი, 2022/

  • ნებიერიძე მ., სხილაძე რ. (2018). სააფთიაქო საქმის განვითარება თბილისის გუბერნიაში (1946-1920).  საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის ჟურნალი, თბილისი, „კერამიკა“, 2018. https://gtu.ge/Journals/keramika/pdf/konferencia_2011.pdf

  • ფინანსური ანგარიშგება, შპს „ავერსი-ფარმა“, 2019-2020 https://reportal.ge/ka/Reports/Report?q=211386695  /ბოლო ნახვა 22 აპრილი, 2022/

  • ფინანსური ანგარიშგება, „პსპ ფარმა“, 2019-2020, https://reportal.ge/ka/Reports/Report?q=202203123   /ბოლო ნახვა 20 აპრილი, 2022/

  •  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (2016).  „ჯი პი სი“- სა და        „ეიბისიფარმაცია“-სსაქმე https://admin.competition.ge /uploads /2038d90677404c3bb81047b7223ab5d2.pdf  

  • ფინანსური ანგარიშგება. სს გეფა. 2019-2020, https://reportal.ge /ka/Reports/ GetFile/ 31349

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, www.geostat.ge 

  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი (2012). საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო .

  • ბანკები და ფინანსები.(2018)  - მედიკამენტების მარჟა  https://commersant.ge /ge/post/medikamentebis-sashualo-fasnamatis-marja-102-s-sheadgens

  •  European Health Information Gateway (2019). https://gateway.euro.who. int/en/indicators/hfa_578-6770-total-pharmaceutical-expenditure-as-of-total-health-expenditure/visualizations/#id=19673

  • გოგბერაშვილი ე.  (2021). რატომ ძვირდება მედიკამენტები?  ttps://bm.ge/ka/article/ratom-dzvirdeba-medikamentebi–quotkuraciosquot-prezidenti-4-faqtors-asaxelebs/82469   ბოლო ნახვა 29 მაისი, 2022/

  •  გოგინაშვილი ქ., ნადარეიშვილი მ. (2021). რამდენად შეუძლიათ საქართველოში ადამიანებს ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვა? WHO - World Health Organization https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/342814/WHO-EURO-2021-2532-42288-58479-%20geo.pdf?sequence=1&isAllowed=y

  • მეცხვარიშვილი ს.(2021).  „რა მარჟებზე მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში?“,  https://bm.ge/ka/article/ra-marjebze-mushaoben-farmacevtuli-kompaniebi-saqartveloshi/76525  /ბოლო ნახვა 23 თებერვალი, 2021/  

  • საქართველოს კონკურენციის სააგენტო (2021). ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, გვ. 36.

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2021). საქართველოს საგარეო ვაჭრობა http://www.economy.ge/uploads/files/2017/foreign_trade/2021/trade_turnover_2021.pdf

  • საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ( 2020). GMP ზეგავლენის შეფასება. 

  • საქართველოს კანონი (1997).  „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/29836?publication=26

  • საქართველოს კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“,  2003. https://matsne.gov.ge/ka/document/view/14926?publication=6

  • მაცნე (2020). ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი- https://matsne.gov.ge/ka/document/view/4797222?publication=0

  • კარგი საწარმოო პრაქტიკის გაიდლაინი, 2015.  https://ec.europa.eu/health/documents/eudralex/vol-4_en.

  • Good Manufacturing and Distribution Practices (GMP), https://ec.europa.eu/health/humanuse/good_manufacturing_distribution_practices_en /ბოლო ნახვა 29 აპრილი, 2022/

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (2021). 

https://www.moh.gov.ge/ka/news/5941/regulirebis-saagento-sakanonmdeblo-cvlilebebze-muSaobs%2C-romlis-mixedviTac%2C-farmacevtuli-produqtis-importior-kompaniebs-GMP-da-GDP-standartis-dacva-mouwevT /ბოლო ნახვა 11 მაისი, 2022/

References: